„ეპ ჯორჯია გენერაცია“ განაგრძობს მის მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციას. სამი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 20 მლნ ევროს.
„კომპანიის მიზანია ჰესების თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა. ამჟამად, მიმდინარეობს ორთაჭალჰესის, გუმათ ჰესების კასკადისა და ჩითახევჰესის სარეაბილიტაციო პროექტები. ჩეხეთიდან და სლოვენიიდან უკვე ჩამოტანილია სარეაბილიტაციო პროექტებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ტექნიკური მოწყობილობები, ტურბინა, გენერატორის ახალის სტატორები, მუშა თვლები და სხვა“,- განაცხადა „ეპ ჯორჯია გენერაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ლევან საჩალელმა. შემდეგი პრიორიტეტი არის ლაჯანურჰესის ჰიდროსაინჟინრო ნაგებობები, რომელთა მდგომარეობაც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
„მომდევნო წლიდან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები იგეგმება ამ მიმართულებით, რომლისთვისაც იგეგმება შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზებაც, ამ ეტაპზე კი ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები“ – განაცხადა ლევან საჩალელმა. მისივე თქმით, ჰესებზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ჰესის ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოება. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება ავარიული შემთხვევები.
