სოციალური პასუხისმგებლობა და გარემო

გარემოსდაცვითი ასპექტები ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების თითქმის ყველა დარგთან იკვეთება. გარემოსდაცვითი საქმიანობისა და ეკონომიკური ზრდის გაწონასწორება გამოწვევაა საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნესისათვის და არც ენერგეტიკული სექტორია გამონაკლისი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტში: „საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა, 2022 – 2026 წწ “  შეფასებულ იქნა გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროში მიმდინარე მდგომარეობა და განისაზღვრა გარემოსდაცვითი მმართველობის როლი ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხით. აღნიშნული საკითხი გენერაციის სექტორში  მოიცავს საქმიანობათა ფართო სპექტრს, როგორიცაა: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების განუხრელი შესრულება, კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიზნების განხორციელება, საქმიანობის განხორციელების ზედამხედველობა/მონიტორინგი და მიღებული შედეგების მიღწევების და/ან ჩამორჩენის გაანალიზება.

ზემო აღნიშნული ამოცანის მისაღწევად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გარემოს დაცვის საკითხებში შემდეგ ასპექტებს:

  • გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციას (მაგ. გარემოსდაცვითი წყლის ხარჯის (ეკოლოგიური ნორმის);
  • ნარჩენების  მართვას (ქვემოთ დაწვრილებით არის განხილული);
  • გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით – გარემოსდაცვით პოლიტიკას და დაგეგმვას,  გარემოსდაცვითი საქმიანობის რეგულირების სფეროებს და მის კონტროლს;
  •  გარემოსდაცვითი განათლებას და ცნობიერების  ამაღლებას;
  • ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების განვითარებასა და  დანერგვას. 

აღნიშნული მოთხოვნები ძირეულად ცვლის და ახალ ეტაპზე გადაყავს ენერგეტიკის სფეროში ენერგო-ეკოლოგიური  საკითხები და შესაბამისად, კომპანიის  გარემოსდაცვითი პოლიტიკაც, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, ნარჩენების მართვის გარდა, ითვლება ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვა და პრევენციული ზომების მიღება გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

ნარჩენების მართვის კუთხით კომპანიის სტრატეგიის ძირითადი პოსტულატებია:

  • კომპანია ორიენტირებულია ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე;
  • სახელმწიფოსთან შეთანხმებული კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმები ორიენტირებულია ნარჩენების მართვის იერარქიული პრინციპის შესრულებაზე – კერძოდ 3R კონცეფციის მიხედვით, რაც ნიშნავს 3 ქმედებაზე დაყრდნობას, ესენია: შემცირება/Reduce, ხელახალი გამოყენება/Reuse, გადამუშავება/Recycle;
  • თანამდეროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს კომპანიის დანახარჯებს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში (მათ შორის, ბიორემედიაციის მეთოდის გამოყენება);
  • სახიფათო ნარჩენების მენეჯმენტის განხორციელება ნარჩენების მართვის სახელმწიფოსთან შეთანხმებული  გეგმების მიხედვით;
  •  „უსაფრთხოების წინასწარი ზომების მიღების“ პრინციპიდან გამომდინარე, გარემოსთვის ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება;
  • ნარჩენების პრევენციის პრინციპიდან გამომდინარე (დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ) – წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობის ან მათი სახიფათო თვისებების შემცირება;
  • ნარჩენების მართვისას – გარემოს აბიოტური კომპონენტების გაწმენდის, ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ობიექტების მოწყობისას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენება (დირექტივა 2008/98/EC ნარჩენების შესახებ).

სს “ეპ ჯორჯია გენერაციას“ კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ. კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტები გენერაციის ობიეტებისათვის სრულიად აკმაყოფილებენ გარემოსდაცვით მოთხოვნებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის თანახმად, იმისათვის, რომ ყველა მდინარეში მიღწეულ იქნეს ,,წყლის კარგი მდგომარეობა“ ჰესები აღჭურვილია გარემოსდაცვითი წყლის ხარჯის მონიტორინგის სადგურებით, რათა ჰესების ექსპლუატაციის დროს გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) წყლის ხარჯის განსაზღვრული რაოდენობით გაშვება, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ფლორისა და ფაუნის მდგრადობას კაშხლის არსებობის გამო მდინარის გაუწყლიანებელ მონაკვეთზე. კომპანია მიზანმიმართულია, გონივრულად მართოს წყლის რესურსები და აწარმოოს სუფთა განახლებადი ენერგია, რომელიც ჰარმონიაში იქნება გარემოსთან.