ლაჯანურჰესი დადგმული სიმძლავრის მიხედვით ერთ-ერთი დიდი დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში. მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერის მუნიციპალიტეტში.
ჰიდროელექტროსადგური მუშაობს მდ. ლაჯანურის და მდ. ცხენისწყლის გადმოგდებით მიღებულ საერთო წყალჩამონადენზე, დღეღამური/კვირეული რეგულირების წყალსაცავით. შესაბამისად, საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობები შექმნილია მდ.ცხენისწყალსა და მდ.ლაჯანურზე, კერძოდ, დაბა ცაგერის მახლობლად, მდ.ცხენისწყალზე აგებულია ბეტონის დაბალზღურბლიანი კაშხალი, ხოლო მდ. ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში სოფელ სურმუშთან, მოწყობილია 69 მ სიმაღლის თაღოვანი კაშხალი.
ლაჯანურჰესი ექსპლუატაციაში მიღებულია 1960 წელს. აღსანიშნავია რომ მისი სახით ამ პერიოდში პირველად დაპროექტდა და აიგო თაღოვანი კაშხალი. ასევე პირველად საქართველოში აიგო მიწისქვეშა ჰესის შენობა.
ჰესის საპროექტო გამომუშავებაა 438.0 მლნ კვტ.სთ. ლაჯანურჰესის №1 და №3 ჰიდროაგრეგატების რეკონსტრუქციის შედეგად, ჰესის დადგმული სიმძლავრე გაიზარდა და შეადგენს 115.568 მგვტ-ს, ნაცვლად საპროექტო 111.84 მგვტ დადგმული სიმძლავრისა.